საინფორმაციო შეხვედრა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში
3 ივლისს ხარაგაულის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები შეხვდნენ მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებს და თვითმმართველობის სხვა პასუხისმგებელ პირებს.
შეხვედრაზე ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს: ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის ნიშნულები, გენდერული საბჭოს როლი და ფუნქცია, ღონისძიებები, რომელთაც შეუძლიათ მუნიციპალიტეტში შედარებით შეცვალონ სოციალური გარემო მოქალაქეთა სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფისთვის; რა ასპექტებს მოიცავს გენდერული ბიუჯეტირება, რას ეფუძნება ის; როგორ ხდება გენდერული პარამეტრების ასახვა ორგანიზაციულ ბიუჯეტში, პროგრამულ ბიუჯეტში; რას მოიტანს გენდერული სტატისტიკის სისტემის შექმნა, პროგრამების საჭიროებების კვლევებზე დაყრდნობით შემუშავება; რამდენად მნიშვნელოვანია გენდერული მონიტორინგის და ანალიზის სისტემა; გენდერული აუდიტის არსის გაცნობერება, რას უნდა ითვალისწინებდეს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა; რამდენად მნიშვნელოვანია კვალიფიციურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.
შეხვედრამ გენდერული პოლიტიკის საკითხებში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის, გენდერული მრჩევლის, გენდერული საბჭოს წევრების მაღალი კვალიფიკაცია და ახალი სერვისების დანერგვის მოტივაცია გამოაჩინა.
შეხვედრა ჩატარდა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით